ლეიკემია განკურნებადია


სისხლის გათეთრება დღევანდელი მედიცინის ერთ–ერთი უმთავრესი პრობლემაა. მაინც რას ნიშნავს სისხლის გათეთრება? ეს დაავადება სისხლმბადი ორგანოების ავთვისებიანი დაავადებაა, მიმდინარე ლეიკოციტების ფორმირების დარღვევითა და მათი დაშლით. უფრო ვრცლად ამ დაავადების შესახებ ექიმ–ჰემატოლოგ ლიკა ჟღენტს ვესაუბრეთ.
– შეგიძლიათ ვრცლად გვიამბოთ, თუ როგორი დაავადებაა ლეიკემია?
– ცოტა უფრო კონკრეტულად და ყველასათვის გასაგებ ენაზე რომ ავხსნა, გეტყვით, რომ ლეიკემია ძვლის ტვინის ავთვისებიანი სიმსივნეა. სისხლი ტვინში არსებული ღეროვანი უჯრედებიდან წარმოიშობა, მას შემდეგ, რაც გარდამავალ ფორმებს გაივლის, სისხლის თეთრი და წითელი უჯრედები ყალიბდება. იმ შემთხვევაში, თუ გარდამავალ ფაზაში უჯრედები გადაგვარდება, ამ ყველაფერს მათი უკონტროლო გამრავლება მოჰყვება. ორგანიზმში კი დიდი რაოდენობით არასრულფასოვანი, სიმსივნური უჯრედები წარმოიქმნება. მაშ ასე, ლეიკემია შეიძლება წარმოიქმნას ორგვარი: მწვავე და ქრონიკული. მწვავე ლეიკემიის დროს, სისხლში დიდი რაოდენობით გროვდება არადიფერენცირებული ანუ ბლასტური უჯრედები. ქრონიკული ლეიკემია კი იძლევა დიფერენცირებულ უჯრედთა პოპულაციას, რომელიც თანდათანობით ენაცვლება პერიფერიული სისხლის ნორმალურ უჯრედებს.
– როგორ ვლინდება ლეიკემიის სიმპტომები?
– რა თქმა უნდა, ყოველივე უკავშირდება სხვადასხვა პრობლემებს. გამოვლინება სხეულის სხვადასხვა ორგანოებზე აისახება ხოლმე. უპირველესი კი ისაა, რომ ხშირდება ძვლების ტკივილები, რომელიც ყველაზე ხშირად გულმკერდის არეში გამოიხატება; სისხლჩაქცევები კანსა და ლორწოვან გარსზე; სისხლდენა ცხვირიდან და ღრძილებიდან; საერთო სისუსტე; სწრაფი დაღლა; სხვადასხვაგვარი წარმონაქმნები კანზე; ლიმფური კვანძების გადიდება და სხვა. თუმცა, ლეიკემია ხანდახან სხვადასხვა სიმპტომის გარეშეც მიმდინარეობს. დაავადების გამოვლენა კი მხოლოდ და მხოლოდ ანალიზების საფუძველზე შეიძლება. აღმოჩენისთანავე, საჭიროა, მიმართოთ ექიმს და ყოველივე აღმოიფხვრას ადრეულ სტადიაში, რათა სიტუაცია არ მივიდეს ფატალურ მდგომარეობამდე. ასევე ხშირია მაღალი ცხელება, ოფლიანობა, გრიპის მოვლენები. გარდა ამისა, შეიძლება სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვანი, ნიშნებიც გამოვლინდეს.
– მაინც რა იწვევს ლეიკემიას?
– აი, ეს კი ზუსტად არავინ იცის. მაგრამ შემიძლიათ გითხრათ, რომ მისი პროფილაქტიკა ცხოვრების ჯანსაღი წესია. აუცილებელია, მოვერიდოთ მავნე ეკოლოგიურ ფაქტორებს, მივირთვათ ჯანსაღი საკვები. ყველაფერი კი მაინც ბავშვობის ასაკიდან ვითარდება. მშობლების ალკოჰოლისადმი მიდრეკილება ან ნარკომანია – ამ ყველაფრის საწყისი ეტაპია. დიდი მნიშვნელობა აქვს გენეტიკასაც. ასე რომ, ცხოვრების ჯანსაღი წესი ყველა ადამიანის თანმდევი ფაქტორი უნდა გახდეს.
– არის თუ არა ლეიკემიის მასობრივი გამოვლინება?
– შემიძლია გითხრათ, რომ ლეიკემიით დაავადებულთა რაოდენობამ, წინა წლებთან შედარებით, საგრძნობლად იმატა. თუმცა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ადამიანების უმრავლესობა დროულად მიმართავს ექიმს და ამ ყველაფერის აღმოფხვრას საწყის ეტაპზე ცდილობს. ზოგმა ისიც კი არ იცის, რომ ლეიკემია განკურნებადია, ამაში ეჭვიც კი ეპარებათ. მინდა, თქვენი ჟურნალის მეშვეობით, ყველას ვუთხრა, რომ ლეიკემია განკურნებადია, თუ მკურნალობის პროცესი დროულადაა დაწყებული. უფრო კონკრეტულად რომ გითხრათ, საქართველოში მწვავე ლეიკემიის გავრცელების მაჩვენებელი მოზრდილებში ყოველ 100.000 მოსახლეზე 2.64 პროცენტია.
– როგორ უნდა ვუმკურნალოთ ამ დაავადებას?
– დღესდღეობით ლეიკემიის მკურნალობის რამოდენიმე მნიშვნელოვან მეთოდს მიმართავენ, ესენია: პოლიქიმიოთერაპია, ღეროვანი უჯრედების გადანერგვა და სხივური თერაპია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დღეისათვის მსოფლიოში ამ თემაზე მუშაობა განუწყვეტლივ მიმდინარეობს, იქმნება სხვადასხვა პრეპარატები. სულ ახლახანს ბრიტანელმა მეცნიერებმა შემქნეს პრეპარატი, რომელიც შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ლეიკემიის რეციდივის პროფილაქტიკისათვის. თითოეული მკურნალობის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ამა თუ იმ პრეპარატმა ასწავლოს იმუნურ სისტემას კიბოს უჯრედების აღმოჩენა და დაეხმაროს მათ განადგურებაში. ჩვენს უცხოელ კოლეგებთან ერთად, ვცდილობთ, ამ დაავადების არსი უფრო მეტად შევისწავლოთ და გავიგოთ, როგორია მისი წარმოშობა და შემდგომი განვითარება. თუმცა, ის ფაქტი, რომ პაციენტთა უმრავლესობა განკურნებულია, ეს ცალსახად ნათელია. ასე რომ, ჩვენს პაციენტებს ყოველთვის მოვუწოდებთ იმისკენ, რომ ლეიკემიის მკურნალობა შეიძლება. ლეიკემიის თითოეული გამოვლინება სპეციალურ მიდგომასა და თერაპიას საჭიროებს.
– რა სახის გამოკვლევებია საჭირო დიაგნოზის დასმისთვის?
– როგორც მწვავე, ასევე ქრონიკურლი ლეიკემიის დროს, რამდენიმე მნიშვნელოვანი გამოკვლევის ჩატარება დაგჭირდებათ. ესენია: სისხლის საერთო ანალიზი, ძვლის ტვინის ფუნქცია, ტრეპანობიოფსია, ძვლის ტვინის ციტროქიმიური და ციტროგენეტიკური გამოკვლევა, რენდგენოლოგია, კომპიუტერული და მაგნიტურ–რეზონანსული იმუნოფენოტიპირება, იმუნოჰისტოქიმიური გამოკვლევა. საჭიროების შემთხვევაში კი აუცილებელია ჩავიტაროთ ქიმიოთერაპია.
– გვიამბეთ ქიმიოთერაპიის შესახებ.
– როდესაც ავთვისებიანი სიმსივნეების მკურნალობაზე მიდგება საქმე, ექიმი აუცილებლად იწყებს საუბარს ქიმიოთერაპიაზე. მართლაც, ავთვისებიანი ახალწარმონაქმნების სამკურნალოდ ქიმიოთერაპია ჯერ კიდევ ითვლება ყველაზე ეფექტურ და გავრცელებულ საშუალებად. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ადამიანი ცდილობს, თავი აარიდოს ამ ყოველივეს, რადგანაც, მოარული აზრის თანახმად, ქიმიოთერაპია მეტად სახიფათო და მავნე პროცედურათა რიცხვს მიეკუთვნება. ამ თერაპიას ყოველთვის თან ახლავს: თმის ცვენა, ტემპერატურის მატება–კლება, გულისრევა. მართალია, ზოგჯერ ქიმიოთერაპია ამ პროცესებს არ იწვევს, თუმცა, თუ ეს ყოველივე გამოვლინდა, მკურნალობის კურსის დასრულებისას აუცილებლად აღდგება ყოველივე და ჩადგება წესრიგში. რაც შეეხება ინტოქსიკაციურ ნიშნებს, თანამედროვე მედიკამენტების წყალობით, ამ ყველაფრის შეჩერებაც შესაძლებელია. თუ ჯერი ამ ყველაფერზე მიდგა, ყველა პაციენტს ვურჩევ, აუცილებლად გამოიყენოს ეს მეთოდი და ჩაიტაროს მკურნალობის სრული კურსი.
დაბოლოს, გირჩევთ, ნებისმიერი საეჭვო ნიშნების გაჩენისთანავე, მიაკითხოთ ექიმს, ჩაიტაროთ გამოკვლევა და თავი დაიცვათ მავნე ნივთიერებისგან. ამისთვის კი საჭიროა მიმართოთ ჰემატოლოგს. ზოგადად კი, ყველა ადამიანს ვურჩევ, წელიწადში ორჯერ, პროფილაქტიკის მიზნით, ჩაიტაროს გამოკვლევა – სისხლის ანალიზის სახით. ინფორმაციის წყარო - googl.com

No comments:

Post a Comment